logo
ENG



ევროპარლამენტარები: დააკვირდეს ევროკომისია, შეესაბამება თუ არა ოცნების ნაბიჯი EU-ის სტატუსს

05 აპრ 202418:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/otm43u5uwykrjy7.jpg

ევროპარლამენტარები ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ერთობლივი კრიტიკული განცხადებით ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შემოღებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.

"ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ერთობლივ განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან მინიმუმ 2 პუნქტს არღვევს - მეცხრე ნაბიჯს, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას საკანონმდებლო და პოლიტიკური ცხოვრების წესის შემუშავების პროცესში და პირველ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას მოითხოვს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ კანონპროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკის ნაცვლად, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის რეპრესიები და გაუქმებაა, დაიცვან ევროკავშირის პრაქტიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.

"ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე. კანონი უცხოური აგენტების ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასახელებს, როგორც უცხოეთის აგენტებს და სახელმწიფოს მტრებს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, არ მოახდინოს კანონის ხელახლა ინიცირება და ნაცვლად ამისა, განახორციელონ ინვესტიცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში, რომელიც მათი თქმით, დადასტურდა, რომ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეფორმების მონიტორინგისა და განხორციელების მხარდაჭერის კუთხით.

განცხადებას ხელს 22 ევროპარლამენტარი აწერს, მათ შორის: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, მაიკლ გალერი. ხელმომწერთა სია სრულად

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

 


close დახურვა