logo
ENG



ევროპარლამენტარები: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, ე.წ ბორდერიზაციას

07 აგვ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტში "საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის" წევრმა ევროპარლამენტარებმა 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც რუსეთის ოკუპაციას გმობენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

განცხადებას ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარების თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესია დიდწილად დაუსჯელი დარჩა, ამან კი 2014 წელს ყირიმის ანექსია და დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოიწვია.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციასა და უკანონო ქმედებებს.

ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

14 წლის წინ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დაიწყო. ამ ომის შედეგები ახლა მკაფიოდ იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და სრულმასშტაბიანი უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს.

ამ დღეს ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას, ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის /სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებს.

ამის ფონზე მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის დამნაშავეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და მოვუწოდებთ რუსეთის ხელსიუფლებას, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, რაც 2008 წლის 12 ავგისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო და თავდაცვითი ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 


close დახურვა