ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე რუსეთის საქართველოში შემოჭრის 14 წლის თავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
მასში ნათქვამია, რომ ის, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, იყო რუსეთის არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა, რასაც ყირიმის ანექსია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა.
"14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის კანონების უხეში დარღვევით, რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა. შედეგად, საქართველოს ტერიტორიების 20% რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება.
ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის პირველი მაგალითი სუვერენული მეზობლის მიმართ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ კრემლის ქმედებებზე ცხადი და ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა გააგრძელა აგრესიული პოლიტიკა: 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის უკანონოდ ანექსია მოახდინა, კიდევ 8 წლის შემდეგ კი დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის და დასავლეთის წინააღმდეგ.
ამ პირობებში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
კუბილიუსი და იუკნევიჩიანე ასევე ამბობენ, რომ "წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ" და რომ კრემლის მთავარი მიზანია, საქართველო არ ისწრაფვოდეს დასავლეთისკენ.
"რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას.
ერთადერთი გზა საქართველოსთვის, თავი დაიცვას კრემლის ახალი ტიპის ჰიბრიდული თუ სხვა ტიპის თავდასხმებისგან, არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადოს, უახლოეს მომავალში შეასრულოს ევროკავშირის 12 პირობა, დაწყებული დეპოლარიზაციით, დასრულებული".
ევროპარლამენტარები განცხადებაში ლაპარაკობენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის უარყოფით გავლენაზე საქართველოს დემოკრატიაზე.
ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობები, სხვადასხვა განცხადებით დაგვარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი ოლიგარქი არ არის, მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია, რადგან მის დასაცავად საქართველოს პრემიერმინისტრი და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები და ქართული ოცნების ლიდერები გამოდიან.
ევროპარლამენტი მმართველი პარტიის ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლებითაც ქართული ოცნება ყველა და ყველაფერში ადანაშაულებენ აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს.
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო კვლავ შეიძლება გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინამორბედი, თუ ამ მიზნისთვის ერთობლივი მუშაობა იქნება.
ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი ხალხის". - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.