logo
ENG



ევროპარლამენტარები: ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული

02 ნოე 202011:38
3 წუთის საკითხავი
 
krf9u9gxwpyc7z2.jpg

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იყო ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო შემთხვევები, ასევე, წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის როგორც კამპანიის, ისე არჩევნები დღეს, არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო თავისუფლებები. 

ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ დამატებით განხილვას საჭიროებს კამპანიის დაფინანსების საკითხი, ხოლო ყველა ის საჩივარი, რომელიც მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, განხილულ უნდა იქნას სამართლიანი, გამჭვირვალე და მკაცრი ფორმით. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ გვსურს, მივულოცოთ საქართველოს, ევროკავშირის მთავარ მოკავშირეს, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზება, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა. 

8 მარტს მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმების და ზაფხულში საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ, რომელშიც გათვალისწინებული იქნა ეუთო/ოდირის ზოგიერთი რეკომენდაცია, გადამწყვეტი მომენტი იყო, შეეფასებინა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების მიერ დემოკრატიული პროცესის და კანონის უზენაესობის წინაშე ანგარიშვალდებულება. 

მართალია, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით, ევროპარლამენტმა ვერ შეძლო სადამკვირვებლო დელეგაციის გაგზავნა, ახალი კორონავირუსის პანდემიის და მგზავრობასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკაშირებული შეზღუდვების გამო. მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირს ჰქონდა შესაძლებლობა, მოევლინა მისია და დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა. საარჩევნო დღეს პროცესს აკვირდებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები. მათ მხარი დაუჭირა European Diplomatic Watch- მა, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით 70-ზე მეტი გუნდი განალაგა, რომლებიც 1000-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებოდნენ ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენ მივუთითებთ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო სამწუხარო შემთხვევები, როცა იყო ამომრჩეველზე ზეწოლა და წაშლილი იყო მიჯნა მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის როგორც კამპანიის, ისე არჩევნები დღეს. 

კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, კამპანია თავისუფლად ჩაეტარებინათ, რაც ამომრჩევლებს აძლევდა არჩევანი მრავალფეროვან პლატფორმებს შორის გაეკეთებინა. 

საზოგადოების მხრიდან არჩევნების მიმართ ინტერესი და ჩართულობა ასევე პოზიტიური მაჩვენებელია. 

მედია და პოლიტიკური გარემო კვლავ ძალიან პოლარიზებულია, რაც ყველა მხარის მხრიდან უხეშ რიტორიკაში გამოიხატა, თუმცა, ეს იყო უფრო ნაკლებად, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რაც პოზიტიური მიღწევაა. 

საჭიროა კამპანიის დაფინანსების საკითხების შემდგომი განხილვა ეუთო / ODIHR– ის რეკომენდაციების შესაბამისად.

ჩვენ ვაფასებთ, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად პრაგმატული გამოსავალი იქნა ნაპოვნი, რაც სამართლიანი კომპრომისია დემოკრატიისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. 

ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის უფლება. 

დღეს, პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის მოლოდინში ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და შენიშვნა, რომელიც დადასტურებული იქნება მტკიცებულებებით, განხილულ უნდა იქნას სამართლიანი, გამჭვირვალე და მკაცრი ფორმით. 

]ევროპარლამენტი აგრძელებს დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე და ველით შემდგომ თანამშრომლობას ახლად არჩეულ პარლამენტთან საქართველოს არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

დავიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე; 

მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე. 

სვენ მიკსერი, ევროპარლამ​ენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ 

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის წამყვანი წევრი საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობისთვის.


close დახურვა