19 ევროპარლამენტარი პრესის თავისუფლების დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე წერს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს. ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კრიტიკული მედიის ხმა არასდროს არ უნდა გაჩუმდეს - ის ცოცხალი დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია.
შესაბამისად, ჩვენ მოგმართავთ მოწოდებით, აამოქმედოთ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილება, რათა გვარამია ციხიდან გამოვიდეს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯს გადადგამთ და საქართველოს დაეხმარებით დაუახლოვდეს თავის ეროვნულ მიზანს - ევროკავშირის წევრობას", - აღნიშნულია წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.