ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით წერილს სწერენ და მოუწოდებენ მას, გამოიყენოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ საქართველოში არსებული კრიზისი საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა და სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. უფრო მეტიც, ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ არსებული კრიზისი საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზიდან გადახვევის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
წერილის ავტორები 2020 წლის არჩევნებზე წერენ, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებისა და დასავლეთში ინტეგრაციის მისწრაფების განმტკიცების ნაცვლად, არჩეული დეპუტატების მესამედი არჩევნების გაყალბების ბრალდებით პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროკავშირი არსებულ ვითარებაზე თვალს ვეღარ დახუჭავს, რადგან, მათი შეფასებით, რევანშიზმი და ძალის გამოყენება დომინანტურ ტრენდად იქცა.
იხილეთ წერილი სრულად:
"საქართველოში თქვენი აბსოლუტურად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში.
როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 16 სექტემბრის რეზოლუციაშია აღნიშნული, არსებობდა მოლოდინი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის მიმართ საქართველოს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებდა. ამის ნაცვლად, პარლამენტის არჩეული დეპუტატების მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნების გაყალბების გამო. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) უბნების 8 პროცენტის ოქმებში დისბალანსი დაადგინა, სხვა საარჩევნო დარღვევებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, რა დროსაც დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.
ევროკავშირი ვეღარ დახუჭავს თვალს არსებულ სიტუაციაზე, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ომის ზღვარზე დაბალანსების პოლიტიკა დომინანტურ ტრენდად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საზოგადოებასა და სახელმწიფოში საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. უფრო მეტიც, პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზას.
მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განაახლონ მყისიერი მრავალპარტიული დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დაბოლოვდეს. სისწრაფე და ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალპარტიულ დიალოგში ჩაერთვება, ასახავს მათ მიზანდასახულობას, განამტკიცონ საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფებები.
თქვენი იმედი გვაქვს, რომ პარტნიორებს გადასცემთ ჩვენს გზავნილს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში, ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლის მიმართ. ჩვენი მხრივ, მზად ვართ გავამყაროთ ევროკავშირის დელეგაციისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოჩენილი სურვილი შუამავლობისა", - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ევროპარლამენტარები პეტრა ოსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი და მაიკელ გალერი აწერენ ხელს.
საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი 1 მარტს არის დაგეგმილი.