logo
ENG



ევროპარლამენტართა შესწორებების კომპრომისული ვერსია - ფორმულამ დოკუმენტი მოიპოვა

08 ნოე 202217:08
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარები დღეს, ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ.

სავარაუდოდ, ანგარიშში შევა შესწორებების კომპრომისული ვერსია, რომლის ტექსტიც ფორმულამ მოიპოვა.

გუშინ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შესწორებების დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იყო 220-მდე შესწორებაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი 12-ჯერ იყო ნახსენები, კონკრეტულად კი, როგორც ოლიგარქი და საჭიროებდა დასანქცირებას.

შესწორებების კომპრომისულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი არ არის ნახსენები, როგორც ოლიგაქრი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია მის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების, გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - აღნიშნულია შესწორების კომპრომისულ ვერსიაში.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის კამპანია, რომელსაც აწარმოებს მმართველი პარტია, რაც ეხება "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას".

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებისა და ევროატლანტიკური პარტნიორების სხვა წარმომადგენლების მიმართ, როგორიც არიან ევროკავშირი და შეერთებული შტატები და ასევე, შეაჩერონ უსაფუძვლო და დამაზიანებელი რიტორიკა, რომელიც ამტკიცებს საერთაშორისო პარტნიორების სავარაუდო ზრახვებს საქართველოს ომში ჩასათრევად. ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში არსებულ მზარდ ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციას და რიტორიკას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საზოგადოების მაღალ და უცვლელ მხარდაჭერასთან", - წერია შესწორების ალტერნატიულ დოკუმენტში.

დოკუმენტში კვლავ საუბარია მედია თავისუფლებაზე, ევროპარლამენტი კვლავ წერს, რომ ღრმად არის შეშფოთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში დარჩა.

შესწორების ალტერნატიულ დოკუმენტში კვლავ აღნიშნულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი იხსენიებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიასაშუალებების, ფორმულასა და ტვ პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც. ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი", - აღნიშნულია შესწორების დოკუმენტში. 

შესწორების ალტერნატიულ დოკუმენტში ნახსენებია სახალხო დამცველი და დადებითად არის შეფასებული ნინო ლომჯარიას როლი სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის მუშაობასთან დაკავშირებით და ნეგატიურად არის შეფასებული ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველზე გახშირებული თავდასხმები. ამასთანავე, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალედ აირჩიონ ახალი სახალხო დამცველი.

შენიშვნებში კომპრომისულ ვერსიაში საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც და აღნიშნულია, რომ "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება და მას, ჯერ კიდევ აკლია სათანადო ზრუნვა, რომელიც იწვევს შიშს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით". ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

შესწორებების კომპრომისულ ტექსტს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს დაუჭერენ მხარს და მიიღებენ იმ საერთო დოკუმენტთან ერთად, რასაც ჰქვია წლიური ანგარიში ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა.


close დახურვა