logo
ENG



ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მორგოშიას სანქცირებას ითხოვს

19 ივლ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/19/u7q4mqz5jpx1xvc.jpg
მარიამ ნიკურაძე/OC Media

ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს.

ვრცელ წერილში ევროპარლამენტარები აღწერენ, როგორ არ დაიცვა ხელისუფლებამ 8 ივლისს Tbilisi Pride-ის ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოება და ორგანიზატორების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის წინაშე დააყენა.

ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ 8 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც ფუნდამენტური უფლებებია. დეპუტატები წერილში მიუთითებენ, რომ ქვეყანა რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, აუცილებლად უნდა იცავდეს ამ უფლებებს. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები შესაბამის ევროსტრუქტურებს მოუწოდებენ, სანქციების მიზანში ამოიღონ როგორც ალტ-ინფო, ასევე მისი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია.

"ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ თქვენ, როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და თანასწორობის საკითხებში კომისარს მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ-ფობიური თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისაკენ ჯგუფ ალტ-ინფოსა და ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.

ცნობილია, რომ ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულნი იყვნენ, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება", - აღნიშნულია წერილში.

***

8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა