logo
ENG



ევროპარლამენტარი: რუსეთთან კომუნიკაცია შეუძლებელია თუ არ გადაიხედება ტერიტორიების ოკუპაცია

21 იან 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინკსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გამოეხმაურა, რომლის გადაწყვეტილებაც დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი და განაცხადა, რომ თუ რუსეთს ევროსაბჭოში ყოფნა სურს, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უნდა შეასრულოს. ლაგოდინსკი იმედოვნებს, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპიდან მიიღებს.

როგორც "ფორმულასთან" საუბარში ლაგოდინსკი აცხადებს, თეორიულად, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია რუსეთთან შეუძლებელია თუ არ გადაიხედება კონფლიქტები და ტერიტორიების ოკუპაცია.

"ვიმედოვნებ, დღევანდელი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპიდან იქნება მიღებული. თეორიულად, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია რუსეთთან შეუძლებელია თუ არ გადაიხედება კონფლიქტები და ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავითვალისწინოთ რუსეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესები და არ დავივიწყოთ ისინი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების გამო, ეს არ მეტყველებს ჩვენს ევროპელობაზე. თუ ვლაპარაკობთ რუსეთზე დღის წესრიგში უნდა იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის საკითხიც", - აცხადებს ლაგოდინსკი.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში:

კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება".

ასევე, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული "ისკანდერის" ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.


close დახურვა