logo
ENG



ევროპარლამენტარი პანსიონზე მთავრობას მიმართავს: იმედია, გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება

04 ივნ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარი პანსიონზე მთავრობას მიმართავს: იმედია, გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი გამოძიება ჩატარდეს. ევროპარლამენტარი Twitter-ის გვერდზე წერს: 

"ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებებია და ამ ცნობებს კიდევ უფრო და უფრო მეტი წყაროსგან ვიღებ. იმედი მაქვს, რომ განმარტავენ, რატომ არ უშვებენ პანსიონში ომბუდსმენს და გამოძიება დაუყოვნებლივ ჩატარდება. ეს ბავშვებს ეხება და არა პოლიტიკას". 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა მოითხოვეს.  

 


close დახურვა