logo
ENG



ევროპარლამენტი ნავალნის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს

17 სექ 202016:59
3 წუთის საკითხავი
clock 459
1lvk3gukqt4zjd4.jpg

ევროპარლამენტი რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის გამო საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი.

რეზოლუციას მხარი 532-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 84 წინააღმდეგი იყო.

ევროპარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ითანამშრომლოს, რათა დამნაშავეები დადგინდნენ. ასევე იმას, რომ მოსკოვმა ნოვიჩოკის პროგრამასთან დაკავშირებით ორგანიზაციას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომაში იმყოფებოდა. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. მაშინ ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამაც რუსეთი დაადანაშაულა.

კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული.

 


close დახურვა