logo
ENG



ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

04 მარ 202313:17
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მეცოლას ქალაქ ლვივში უმასპინძლა.

"მადლობას გიხდით, ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერაში თქვენი ლიდერობისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

კერძოდ, გასული წლის პირველ მარტს, ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენი განაცხადის შეტანიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისა და აუცილებლობის შესახებ.

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს", - წერს ზელენსკი.

2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ "უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა".

მოგვიანებით ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


close დახურვა