ევროპარლამენტმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ავრცელებს.
რეზოლუციას მხარი 524-დან 472-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
„ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულების ჩადენის გამო ტრიბუნალის შექმნას.
რუსეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მსურველთა კოალიცია ფორმირების პროცესშია და ნამდვილად შეუძლია ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს" - წერს იუკნევიჩიენე ტვიტერზე.
ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს უკრაინასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდა.
"[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს სასწრაფო აუცილებლობას, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ახლო თანამშრომლობით, სასურველია გაეროს გავლით, დააყენოს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხი, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულების გამო დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და მის მოკავშირეებს ედებათ და იპოვოს სამართლებრივად გამართული, საერთო გზა ამ საკითხთან დაკავშირებით. [ევროპარლამენტს] სჯერა, რომ ამგვარი ტრიბუნალის დაფუძნებით შეივსება დიდი აცდენა ამჟამინდელ საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ მოწყობაში და [ტრიბუნალი] უნდა ეყრდნობოდეს იმ სტანდარტებსა და პრინციპებს, რაც რომის წესდების მიხედვით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერგება" - წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ უკრაინასთან მჭიდროდ იმუშაონ, რათა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, დიდ შვიდეულში, ევროპის საბჭოსა და ეუთოში ამგვარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიონ.
ევროპარლამენტის აზრით ამგვარი ტრიბუნალის შექმნა დაეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების პროცესში, ვინაიდან მისი ყურადღება მიმართული იქნება უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისკენ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისკენ და სავარაუდო გენოციდის შემთხვევებისკენ.
ამავე რეზოლუციაში წერია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს რომის წესდება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფორმალური წევრი გახდეს.
„ხაზს უსვამს, უკრაინის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების და მისი შესწორებების რატიფიცირების მნიშვნელობას და [უკრაინის] ფორმალურად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობას“ - წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის მხრიდან სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და უკრაინასთან თანამშრომლობით და უკრაინისა და საერთაშორისო ლიდერების დახმარებით შეაგროვონ ის სამხილები, რასაც მომავალში ამ სპეციალურ ტრიბუნალზე წარადგენენ.
ასევე იწვევს ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, პარტნიორებს და მოკავშირეებს, რომ განიხილონ რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინაში რეპარაციებისთვის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა.
„[ევროპარლამენტს] მტკიცედ სწამს, რომ ამგვარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნა აგრესიული დანაშაულებისთვის გაუგზავნის ძალიან მკაფიო სიგნალს რუს საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შესაძლოა უკრაინაში აგრესიის დანაშაულების გამო გასამართლდნენ. ხაზს უსვამს, რომ ამ ტრიბუნალის შექმნა ასევე იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისთვის და რუსი მოკავშირეებისთვის, რომ პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში რუსეთის ფედერაციის დასავლეთთან „ჩვეულებრივ ურთიერთობების“ დაბრუნება შეუძლებელია“ - წერია რეზოლუციაში.