რომან კაკულია ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ფორმულასთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამ პოსტზე ის ერთადერთი კანდიდატურა არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კაკულია ამჟამად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.
"გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ განხილვით განიხილება. გადაწყვეტილება ალბათ ამ დღეებში იქნება მიღებული. პროცედურულად რამდენი დღეც არის დარჩენილი დანიშვნამდე, იმ ვადებში ჩავეტევით", - განაცხადა კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 14 ნოემბერს თამარ ხულორდავამ თანამდებობა და უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ დატოვა.