შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო მუხტს შეუერთდნენ ბრიუსელშიც. ბელგიის დედაქალაქში შეკრებილები პოლიციამ წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. ევროპის დედაქალაქში სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.
მსოფლიოს დიდი ქალაქების პარალელურად ათასობით ადამიანი შეიკრიბა შეერთებული შტატების საელჩოსთან მადრიდში. ანტირასისტული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მშვიდობიანი ფორმით დაგმეს. ესპანეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციას დაკავებები არ მოჰყოლია.