საზღვარგარეთ უკრაინის რამდენიმე დიპლომატიურმა მისიამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებიც მკვდარი ცხოველების თვალები იყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ამანათები მიიღეს უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიის, იტალიის საელჩოებში, ასევე, ნეაპოლის, კრაკოვისა და ბრნოს გენერალურ საკონსულოებში. აშშ-ში უკრაინის საელჩოში კი მიიღეს წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ქსეროასლით.
კერძოდ, ჩეხეთის პოლიციამ პარასკევს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკონსულომ ბრნოში მიიღო ამანათი, რომელიც მსგავსი იყო იმ ამანათისა, რომელიც მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქდა. შესაძლო საფრთხის გამო ახლომდებარე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. შეფუთვაში "ცხოველური ქსოვილები" აღმოაჩინეს.
ამანათების მასობრივი დაგზავნა მას შემდეგ ხდება, რაც ესპანეთში უკრაინის საელჩოში აფეთქდა ელჩის სახელზე მიტანილი ამანათი, რა დროსაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
"არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კარგად დაგეგმილი ტერორისა და უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დაიწყო გამოძიება.