logo
ENG



ევროპელთა უმრავლესობას ჰგონია, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წელს შეიჭრება - ECFR-ის კვლევა

09 თებ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/09/1fatlyc3emphtyh.jpg
Business Insider

საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის მოსახლეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრება და კონფლიქტის შემთხვევაში NATO-მ და ევროკავშირმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭირონ.

საბჭომ გამოკითხვები ევროპის 7 დიდ ქვეყანაში ჩაატარა, რომელთა ჯამური მოსახლეობა ევროკავშირის სრული მოსახლეობის 2/3-ს ქმნის.

“მიღებული მონაცემების მიხედვით, ევროპაში გეოპოლიტიკური გამოღვიძების მსგავსი მოვლენის ნიშნებია. ევროკავშირის სახელმწიფოები დაყოფილ, სუსტ და უკრაინაში მიმდინარე ამბებისგან გამოთიშულად წარმოედგინათ, თუმცა ევროპის მოქალაქეები ერთიანები არიან: ისინი თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მოქმედებები განახორციელოს და რომ ევროპა, NATO-ს პარტნიორებთან ერთად უკრაინის დასახმარებლად უნდა გაერთიანდეს“ - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს დირექტორი, მარკ ლეონარდი.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ტყუილია, თითქოს ევროპელებს ომი წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ისინი ახლანდელ პერიოდს ომის წინანდელ მდგომარეობად აღიქვამენ.

გამოკითხვა იანვრის ბოლოს ჩატარდა და 7 სახელმწიფოდან 6-ში მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში შეიჭრება. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ტერიტორიულად ევროპის აღმოსავლეთ საზღვართან უფრო ახლოს არიან, უკრაინაში შეჭრის საფრთხე უფრო რეალურად წარმოუდგენიათ.

საფრანგეთსა და იტალიაში 51%-ს, გერმანიაში 52%-ს, შვედეთში გამოკითხულთა 55%-ს, რუმინეთში 64%-ს და პოლონეთში გამოკითხულთა 73%-ს სჯერა, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი წელს უკრაინაში შეიჭრება. მეშვიდე ქვეყანა ფინეთია, სადაც გამოკითხულთა 44% ეთანხმება ამ აზრს.

შვიდივე ქვეყნის რესპონდენტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ NATO უკრაინის სუვერენულობის მთავარი დამცველია, თუმცა მათ ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში უკრაინის დაცვაში ევროკავშირის პასუხისმგებლობაც დიდია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულები ევროკავშირის მოქალაქეების დაცვაში ამერიკის როლს ნაკლებად ხედავენ. 

„მაშინ, როცა ევროპელთა უმეტესობა ევროპის დაცვაში NATO-ს ენდობა, აღსანიშნავია, რომ NATO აშშ-ის მეორე სახელი აღარაა. ევროპელები მათი ინტერესების დაცვაში NATO-ს მეტად ენდობიან ვიდრე აშშ-ს“ - აცხადებს მარკ ლეონარდი.

ამავე კვლევამ ცხადჰყო, რომ ევროპელები მზად არიან, რომ უკრაინის დაცვის შემთხვევაში მძიმე, პოტენციურად ხანგრძლივი და მრავალმხრივი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. რესპონდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ შორის დიდი რაოდენობით ლტოლვილთა მიღებისთვის, ენერგორესურსებზე მაღალი გადასახადებისთვის, ეკონომიკური იძულებისთვის, კიბერშეტევებისა და რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხისთვის მზადაა.

„პუტინს შესაძლოა გაუკვირდეს, რომ ბევრი ევროპელი უკრაინაში რუსეთის მორიგ შეჭრას მხოლოდ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმად კი არა ევროპის უსაფრთხოებაზე შეტევად აღიქვამს.

საყურადღებოა, რომ ამდენი რესპონდენტი - ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან - ფიქრობს, რომ უსაფრთოხებასთან დაკავშირებული წესრიგი დაცული უნდა იყოს. ზოგიერთი ქვეყანა სხვებზე მეტადაა მზად შედეგებთან გამკლავებისთვის.

ის თუ, როგორ გაუმკლავდებიან ევროპელები მომდევნო რამდენიმე კვირას გადამწყვეტი იქნება ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის.“ - აცხადებენ კვლევის ავტორები.


close დახურვა