ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყანა NATO-ს მიმართავს, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს.
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები ბუქარესტში შეხვდნენ ერთმანეთს, მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე სამი კვირით ადრე.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა:
"რუმინეთსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გათვალისწინებით NATO-ს კონსოლიდაცია მის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთიანი და დაბალანსებული სახით უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება".
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ იმედოვნებენ "აშშ-ს წარმომადგენლობის გაზრდას ევროპის ჩვენს ნაწილში".
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, სამიტზე გრძელვადიან ხედვებზე ისაუბრებენ, ასევე განიხილავენ ალიანსის მე-5 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა, ყველა მათგანზე თავდასხმას ნიშნავს.