logo
ENG



ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე კრიტიკული დეკლარაცია მიიღო

17 ოქტ 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/o73ybx3mmen2sya.jpg

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოზე კრიტიკული დეკლარაცია მიიღო.

დეკლარაციაში კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების მიღებით.

დეკლარაციაში ნახსენებია მათ მიერ 2024 წლის 2 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გადახრის რისკი და საუბარი იყო გახშირებულ თავდასხმებზე, დაშინებასა და განსხვავებული აზრის გამომხატველ პირებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო დროს მიღებული ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შეუსაბამო - რუსული და ჰომოფობიური, პროპაგანდისტული კანონები, რომლებიც დეკლარაციის თანახმად, მიმართულია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს.

"კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, შეუქმნის საფრთხეს პოლიტიკურ პლურალიზმს, ხელყოფს ადამიანის უფლებებს და ძის გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა", - ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციის თანახმად, კონგრესი გამოთქვამს მზადყოფნას, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გეგმავს.

დეკლარაციის ბოლოს ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მე-4 სამიტზე აიღო, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საქართველო შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.


close დახურვა