logo
ENG



ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

26 თებ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტერიალი თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომის სტრასბურგში გადატანის გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ზალკალიანის განმარტებით, სხდომის თბილისში ჩატარების შემთხვევაში, რუსული დელეგაციის მონაწილეობის შეზღუდვა ვერ მოხდებოდა, ამიტომ იმისათვის, რომ საქართველოს კანონი არ დარღვეულიყო და საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის იმიჯი არ შელახულიყო, სხდომის სტრასბურგში გადატანაზე შეთანხმდნენ.

„ახალი ინფორმაცია მინდა გაცნობოთ, რამდენიმე წუთის წინ, სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ.

ჩვენ 2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო ჩვენი გულწრფელი სურვილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგანაც ჩვენ გვავალდებულებს რომ ჩავატაროთ მინისტერიალი წესდების შესაბამისად და ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული, მხედველობაში მაქვს რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა.

ჩვენ გვევალებოდა, რომ უზრნველყოფილი ყოფილიყო ორგანიზაციის ყველა წევრის მონაწილეობა, ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა და მინდა გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნის პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული, გუშინაც, ჟენევაში, როდესაც შევხვდი გენერალურ მდივანს ამაზე გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის სრული გაგება, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 


close დახურვა