ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ.
"მადლობელი ვარ საპარლამენტო ასამბლეის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აღიარებისთვის. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა პატივისცემა აგზავნის მკაფიო სიგნალს: მოსკოვის ყველა წარსული და აწმყო დანაშაულისთვის სამართლიანი დასჯა გარდაუვალია", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად უკვე 30-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა აღიარა, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის. ჰოლოდომორი გენოციდად ევროპარლამენტმა 2022 წლის 15 დეკემბერს აღიარა.
2023 წლის გაზაფხულზე ამ შინაარსის რეზოლუციები მიიღეს ბელგიაში, ისლანდიაში, სლოვაკეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ჰოლოდომორი საბჭოთა რეჟიმის მიერ 1932-33 წლებში ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელსაც სავარაუდოდ 3.5 – 5 მილიონი უკრაინელი ემსხვერპლა. ჰოლოდომორი ზოგადი საბჭოთა მასობრივი შიმშილის (1931-34) ნაწილი იყო. უკრაინაში შიმშილი ბევრად მომაკვდინებელი იყო, რისი მიზეზიც პოლიტიკური განკარგულებები და გადაწყვეტილებები გახდა, რომლებიც უკრაინას მიემართებოდა. შიმშილის მასშტაბების აღიარების მიზნით 1932-33 წლებში შიმშილს უკრაინაში ჰოლოდომორს უწოდებენ - ტერმინი ორი უკრაინული სიტყვის ნაერთია: შიმშილი (ჰოლოდ) და განადგურება (მორ).
მასშტაბური შიმშილი 1929 წელს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგი იყო. კოლექტივიზაციამ წარმოების ვარდნა, სოფლის მეურნეობის დეზორგანიზაცია და საკვების დეფიციტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა გლეხების აჯანყება, მათ შორის შეიარაღებული აჯანყებები უკრაინის ზოგიერთ ნაწილში.