logo
ENG



ევროპული საქართველო: ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას

23 ნოე 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/27/yxtye6p4c41gvr2.jpg

ევროპული საქართველო გმობს საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც პარტიის თქმით, მიმართულია რუსეთის სახელმწიფო ქმედებათა გამართლებისკენ.

"ევროპული საქართველო გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.

ჩვენ ვაღიარებთ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია, ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი.

მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდი ხნის დაგვიანებით მაინც გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია ყველა, მათ შორის რელიგიურ შეკრებაზე, სადაც არ ხდება პუტინის და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მკაფიო შეფასება და მით უმეტეს, ხდება მათი პირდაპირი თუ ირიბი გამართლება", - ნათქვამია განცხადებაში.

22 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


close დახურვა