logo
ENG



ევროპული საქართველო რუსეთიდან პატრიოტთა ალიანსის სავარაუდო დაფინანსების გამოძიებას ითხოვს

24 აგვ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველო ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"დოსიეს" გამოძიებით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება.

"დღეს მედიით გავრცელდა საყურადღებო და შემაშფოთებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,  თუ როგორ ფინანსდება პატრიოტთა ალიანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. კონკრეტული სქემაა გაშიფრული, როგორ ხდება მათი კურირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ და როგორ ხდება მათთვის ფულის მიწოდება, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ პატრიოტთა ალიანსი გაძლიერდეს და ქართულ ოცნებას კოალიციური მთავრობა შეუქმნას. 

"დოსიეს" მიერ გავრცელებულ გამოძიებაში საუბარია, რომ "ეფესბეს" პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და "გერეუს" ოფიცერი ვალერი ჩერმიშოვი არიან პატრიოტთა ალიანსის კურატორები მოსკოვში, რომლებიც თავის მხრივ არიან საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის დაქვემდებარებაში. პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანია, რომელიც მათ ჰყავთ დაქირავებული, არის ე.წ. პოლიტსერის კომპანია, რომელიც უწევს მათ კონსულტაციას და მასში ჩართულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი. პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის პატრიოტთა ალიანსი დახარჯავს დაახლოებით 8 მილიონ დოლარს, რაც ქართული მასშტაბებით ძალიან დიდი თანხაა", - განაცხადა პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ქართული კანონმდებლობით უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აკრძალულია და ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს.

"ბუნებრივია, არ ველით, რომ ქართული ოცნება ამას გამოიძიებს და თავის სატელიტ პარტიას, პატრიოტთა ალიანსს პრობლემებს შეუქმნის იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილი ხვდება, რომ ამ არჩევნებში ის უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მთელი იმედი იმაზე აქვს გადატანილი, რომ შემდეგ შექმნას კოალიციური მთავრობა ამ პრორუსულ ძალასთან. კარგად დავინახავთ ყველა, რამდენად მოახდენს ამაზე სუს და მთავრობა რეაგირებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატრიოტთა ალიანსის მოსკოვიდან დაფინანსება და მათი კავშირები რუსეთთან პირდაპირ არის კავშირში ქართული ოცნების პოლიტიკასთან", - აღნიშნა კაპანაძემ.


close დახურვა