logo
ENG



ევროსაბჭო საქართველოს არჩევნების და მართლმსაჯულების გამო აკრიტიკებს

31 იან 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

ის, რითიც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამაყობდა, - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა, მას უფლებამოსილების გადაბარება კრიტიკულად დაეწყო. ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც ორგანიზაციას, რიგითობის გამო 6 თვე უხელმძღვანელებს, ევროსაბჭო მწვავედ აკრიტიკებს - ისეთი მნიშვნელოვანი თემების გამო, როგორიც არჩევნები და მართლმსაჯულებაა. 

მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დოკუმენტში საქართველოს 7 პუნქტი ეთმობა და მთავარი გზავნილი საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევაა. ანგარიშში გაკრიტიკებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. რეზოლუციის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და ინციდენტები ამ დრომდე გამოუძიებელია. 

კომიტეტის დახურულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დელეგაცია ანგარიშში 20-მდე შესწორების შეტანას ცდილობდა. თუმცა სესიაზე ინიციატივები აღარ წამოუყენებიათ და რეზოლუციიდან, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იყო საუბარი, მხოლოდ სიტყვა პროპორციულის ამოღება მოითხოვეს. 

სესიაზე სიტყვით გამოვიდა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი. მან მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს არჩევნები ქვეყნის წარმატების ან წარუმატებლობის განმსაზღვრელი იქნება. 

ანგარიშში საუბარია ოკუპაციის თემაზეც. ამ საკითხზე სესიაზე „ქართული ოცნების“ წევრმა სოფო კილაძემ ილაპარაკა. 

ქართული დელეგაციის მხრიდან კომენტარები კენჭისყრის შემდეგაც გაკეთდა. ოპოზიცია მიღებულ რეზოლუციას ხელისუფლებისთვის მორიგ დარტყმად აფასებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, დოკუმენტი მმართველი პარტიისგან მოითხოვს არჩევნები ოპოზიციისთვის მისაღები სისტემით ჩაატაროს.


close დახურვა