logo
ENG



ევროსაბჭომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესრულება მოსთხოვა

04 სექ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 
hwrdei9h4keixw0.jpg

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-3 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინა სხდომების მსგავსად, კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ კომპენსაციის გადახდა არის უპირობო ვალდებულება ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს, სულ მცირე, 1500 პირზე.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელსაც დებატების გამართვა 2020 წლის დეკემბერში სურდა), კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ხელახალი დებატები დანიშნა რამდენიმე კვირაში დაგეგმილ უახლოეს სხდომაზე – 2020 წლის სექტემბრის ბოლოს.


close დახურვა