logo
ENG



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოზეც არის

31 იან 202008:05
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე რეზოლუცია მიიღო.

დებატები სტრასბურგში გვიანობამდე გაგრძელდა. ჯერ კიდევ გუშინ, მონიტორინგის კომიტეტის დახურულ სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატები დოკუმენტში 20-ზე მეტი შესწორების ინიცირებას შეეცადნენ, თუმცა "ფორმულას" ინფორმაციით, კომიტეტმა შესწორებებს მხარი არ დაუჭირა. უკვე დებატების დროს ირაკლი კობახიძემ თავად თქვა უარი შესწორებებზე. დოკუმენტი, რომელიც საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას "ქართული ოცნების" მიმართ უაღრესად კრიტიკულია, საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სიტყვით გამოსვლისას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა საქართველოში 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებზე და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. 

"ეს წელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის განმსაზღვრელი იქნება. ეს ანგარიში ხაზს უსვამს სწორედ იმ პრობლემებს, რომლებიც გავლენას იქონიებს ამ პერიოდში მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე. ნოემბერში "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატების აჯანყების ინსცენირება მოახდინა და საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეფერხდა. ახლა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიმდინარეობს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ როგორიც არ უნდა იყოს ამ დიალოგის შედეგი, ის ყველა პარტიის ნდობით უნდა სარგებლობდეს. ეს ნამდვილად გადამწყვეტი ფაქტორია მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. მთავარი კითხვაა: შეუძია თუ არა საქართველოს კვლავ შეცვალოს ხელისუფლება ცივილურად, არჩვენების გზით. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა სანდო მოთამაშეს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ 14 მოსამართლის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა ხარვეზებით წარმართა. ეს საკითხი შემდეგ ეტაპზეც საჭიროებას ყურადღებას, რათა დარჩენილი ადგილები არ იყოს დაკავებული იმ კანდიდატების მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ ნდობით და რომელთა ერთადერთი კვალიფიკაცია, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკურ ალიანსში ყოფნაა", - განაცხადა კანდელაკმა. 

სხდომაზე სიტყვით მმართველი გუნდი წევრი სოფო კილაძეც გამოვიდა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

"გვჯერა რომ სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარება და 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თანმიმდევრული გადასვლა, აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის შენებისთვის. პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვქონდა მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნის ღია და გამჭირვალე პროცედურა. გუშინ და დღეს რუსი დეპუტატები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ეს ასამბლეა, რომ რუსეთი არ არის  პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ მათ იციან რომ ეთნიკური ქართველები,  ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან. ესენია მკვლელობები, წამება, გატაცება, უკანონო სამართლებრივი დევნა. გოგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები ოკუპაციის ნამდვილ სახეს წარმოადგენს", - აღნიშნა კილაძემ. 

 

 

 


close დახურვა