logo
ENG



ევროჯასტი და ევროპოლი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიებას მხარს უჭერენ

13 აპრ 202323:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/13/uzeqrvv1exb6au0.png

ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ევროჯასტი და ევროპოლი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ მხარი დაუჭირეს კოორდინირებულ მოქმედებას ონლაინსაინვესტიციო პლატფორმების თაღლითობის საქმეზე, რომლითაც, სულ მცირე, 33 000 ადამიანი დაზარალდა. ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 89 მილიონ ევროს მიაღწია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს. გარდა ამისა, 15 ადგილას, რუმინეთში, ბულგარეთსა და ისრაელში ჩხრეკა ჩატარდა, მათ შორის 5 არალეგალურ ქოლცენტრში. ოპერაცია არის 2021 წლის იმავე თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელება.

"2021 წლის კოორდინირებული მოქმედებებით დიდი რაოდენობის ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვებით, შესაძლებელი გახდა 2023 წლის მარტის ოპერაციის ჩატარება. მანამდე თაღლითობის შედეგად ფინანსური ზარალი, სულ მცირე, 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. თუმცა, ახალი ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივმა ქსელმა, რომელიც თაღლითური სქემის უკან დგას, გაცილებით დიდი ფინანსური ზიანის მიყენება შეძლო და უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროჯასტმა 2023 წლის იანვარში მხარი დაუჭირა ონლაინთაღლითობის სქემების შესახებ საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა (JIT) და ორი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებას. ამასთან, სააგენტო ეხმარებოდა დაკავებების ევროპული ორდერების, ევროპული საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნების აღსრულებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში. სპეცოპერაცია ჩატარდა ევროპოლის სპეციალისტების მხარდაჭერით.

"გამოძიების მხარდასაჭერად ევროპოლმა შექმნა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას და ანალიტიკურ მხარდაჭერაც უზრუნველყო. ოპერაციის ბოლო დღეებში ევროპოლმა თავისი ექსპერტები ისრაელში გაგზავნა და დისტანციურად ევროჯასტის საკოორდინაციო ცენტრში.

ოპერაციის დროს ამოღებულ იქნა ძვირადღირებული ქონება, მათ შორის საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები და მრავალრიცხოვანი დოკუმენტები და მონაცემების მატარებლები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თაღლითობის უკან მდგარი ქსელი იზიდავდა ინვესტორებს ვებსაიტზე არსებული პროფესიონალური ბანერებითა და რეკლამებით სოციალურ ქსელებში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქოლცენტრებს იყენებდნენ. თაღლითები მოუწოდებდნენ თავიანთ მსხვერპლს, თავდაპირველად გაეკეთებინათ მცირე ინვესტიციები 200-დან 250 ევრომდე, აჩვენებდნენ მაღალ მოგებას ყალბი გრაფიკებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

შემდეგ დაზარალებულებს უკავშირდებოდნენ ე.წ. პირადი ფინანსური მრჩევლები, უფრო დიდი ინვესტიციების შემთხვევაში უფრო მაღალ მოგებას ჰპირდებოდნენ. ეს უფრო დიდი ინვესტიციები შემდგომში დაიკარგა, უკანონო მოგება დამნაშავეების საბანკო ანგარიშზე დაირიცხა. თაღლითობის სქემა სავარაუდოდ 2019-2021 წლებში მოქმედებდა, ამასთან 2021 წელს ოპერაციებში ეჭვმიტანილებმა ან მათმა თანამოაზრეებმა ხელახლა შექმნეს ქოლცენტრები ბულგარეთსა და რუმინეთში.


close დახურვა