logo
ENG



ევსაქები გარეჯის ინციდენტზე: ივანიშვილის რეჟიმის წახალისებული დანაშაულების გაგრძელებაა

05 მაი 202117:58
3 წუთის საკითხავი
 
ევსაქები გარეჯის ინციდენტზე: ივანიშვილის რეჟიმის წახალისებული დანაშაულების გაგრძელებაა

ევროპული საქართველო დავით გარეჯში ჟურნალისტებსა და მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარი "ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელებაა".

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს, ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა.

"გუშინ, გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია. ეს ამბავი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას.

ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ქართული ოცნების მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა