logo
ENG



ეზუგბაია:1 ახალი პაციენტის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა, მას ოთხი რისკ-ფაქტორი აქვს

11 ივნ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 24 საათში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 4 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები ამ ადამიანების დაინფიცირების წყაროს დასადგენად მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ. იზრდება ინფიცირებული მედიკოსების რიცხვიც. კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინდა, რომელიც სავარაუდოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს.

ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები აწუხებს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„გვაქვს 6 ახალი შემთხვევიდან 1 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სამედიცინო პერსონალი და 4 არის პაციენტი, რომლის წყაროს დადგენა გრძელდება. პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი, ტარდება მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ყველაზე მძიმე პაციენტი არის ეს ახალი დადასტურებული პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი. არის მაღალი ასაკის, არის ქრონიკული დაავადების მქონე თირკმლის ქრონიკული დაავადებით და აქვს შაქრიანი დიაბეტი, პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადებაც“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, კორონავირუსის დაუდასტურდა „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან და ის ერთი კვირის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა. კომპანიის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ეს თანამშრომელი ბოლო 1 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა თვითიზოლაციაში იყო. ის თანამშრომლები, რომლებსაც მასთან ჰქონდათ რაიმე ტიპის ურთიერთობა გადასული არიან თვითიზოლაციაში. ჩატარდა და სისტემატურად ტარდება ყველა სერვისცენტრში, ყველა ფილიალში სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით სივრცეების დამუშავება. გარდა ამისა, მეხუთე ჩატარდა უკვე ტესტირება“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა.

ეპიდემიოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 828-მდე გაიზარდა.


close დახურვა