ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულ 15 ახალ პაციენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქედან 5 იმპორტირებული შემთხვევაა.
ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულია ორი მედიკოსიც, მაგრამ არ დააკონკრეტა თუ რომელ კლინიკებს განეკუთვნებიან ისინი.
„დღეს დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 879 დადასტურებულია. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1-ია და გახდა 704. ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს. 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდან, ოღონდ იმპორტირებული, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტი დადასტურებული შემთხვევევიდან, 1 არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულის კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება.
ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტია. გუშინ შემოვიდა 4 დადასტურებული შემთხვევა - ერთი საბურთალოს შემთხვევაა, სამი შემოტანილი შემთხვევაა - ორი სომხეთიდანაა, ერთიც შემოსულია მინსკი-ერევანის რეისით. ერთია მოსკოვის რეისი. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ გყვავდა ორი მძიმე პაციენტი და აქედან 1-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 1 ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 704 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პირი გარდაიცვალა.