თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო "კონტროლირებადი ზომიერი მატება ეჭვის ქვეშ დგება".
მისი თქმით, საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება, თუმცა კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადასტურდა, რაც საყურადღებოა.
„ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში გახლავთ უკვე 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ 45 ახალი შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება". - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ვირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 45-დან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. მარინა ეზუგბაია აჭარას წითელ ზონას უწოდებს.