ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში ამ ეტაპზე 31 დაინფიცირებული პაციენტი იმყოფება.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 3 დაინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. მისივე განმარტებით, პაციენტების მდგომარეობას ზოგ შემთხვევაში ასაკი, ზოგში კი, დამატებითი დაავადებები ართულებს.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ისინი სტაბილურები არიან და მათ ნაწილს პნევმონია უფიქსირდება. ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ტესტირება გაუკეთდა კიდევ 9 ადამიანს და მათი ანალიზების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
"უკვე 40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 3 პაციენტი არის პრობლემური. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი მაგალითად არის 80 წელს გადაცილებული ქალი. შეიძლება მისი მდგომაროება დამძიმდეს. კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს, რადგან მათ აქვთ სხვა დაავადებებიც. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილთან არის პნევმონიები. ყველასთან დაავადება არის სტაბილური. ველოდებით, რომ მათთან ალბათ უნდა დადგეს გამოჯანმრთელება, მაგრამ მოსალოდნელია დამძიმებაც, ამ ვირუსის ინკუბაციის პერიოდიდან გამომდინარე. ბავშვები არ შემოგვამატებია. 21 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და დადგინდა 1 ფაქტი. 9 პაციენტის ანალიზები აიღეს და მათი ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების 40 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.