ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით, კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
"უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები. ძირითადად კონტროლის გამკაცრებაზე საუბარია თავშეყრის ადგილებზე, ეს არის მაგალითად სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და კიდევ ის ადგილები, სადაც შესაძლებელია 10 კაცზე მეტი შეიკრიბოს. დისტანცირება სადაც შეუძლებელია, იქ პირბადეების ტარება სავალდებულოა. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მან მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავები პირბადეებით და დისტანცირებით, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები და საყვარელი ადამიანები ჩვენ გარშემო", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 38-ით გაიზარდა. აქედან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 - შემოტანილი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.