ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
„ამ დროისთვის ჩვენს ცენტრში 46 პაციენტი გადის მკურნალობას. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ 19-ზე. ამ 21-დან უკვე ცნობილი არის, რომ 15 პაციენტის პასუხი არის ნეგატივი, დანარჩენი 6 პაციენტის ტესტირება გვიან მოხდა და დღეს დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ასევე ირანის მოგზაურობის ისტორია, მე-15 დღეზე ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ 19-ზე და მიღებული იქნა უარყოფითი პასუხი, 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებით ტესტირება და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე გუშინ დადასტურებულ შემთხვევებზე ისაუბრა. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ინფექციურში მიღებული 5 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შეახსნებეთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19 პანდემიად გამოაცხადა.