თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საინფორმაციო ბრიფინგისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, ეზუგბაია მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.
„ახალი წყაროს გაჩენამ გამოიწვია ცოტა შიში, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ სიტუაცია კვლავ კონტროლს ექვემდებარება. მართალია, საბურთალოს წყარო პირველადი პაციენტის კონტაქტები მრავალია, მაგრამ ყველა მოძიებულია, ყველა კარანტინშია გადაყვანილი და ხდება მათი თანდათანობით კვლევის ჩატარება. კვლევის ჩატარებას აზრი აქვს, როდესაც 14-დღიანი პერიოდში გამოვლინდება სხვადახსვა სიმპტომი. თუ არა და, კვლევის ჩატარება მოხდება საკარანტინო პერიოდის ბოლო პერიოდისთვის, რათა სწორედ შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა. ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ გამოგვეპარება რომელიმე ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს.
"თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უნდა მოდუნდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელიც შეზღუდვების მოხსნის მერე უნდა ჩატარდეს - უნდა ჩატარდეს. თავყრილობას უნდა მოვერიდოთ. პირბადეებით უნდა ვიაროთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი. ტრანსპორტში შეინიშნება თითქოს არის იმაზე მეტი ხალხმრავლობაა, ვიდრე დასაშვებია. თითოეული მოქალაქე, ისევე როგორც ეპიდემიის დასაწყისში პასუხისმგებლიანად მოვეკიდეთ სიტუაციას, კვლავ გავითავისოთ ეს, რათა დავრჩეთ კარგ ზოლში, სადაც ახლა ჩვენი ქვეყანაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 796-ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 634 მოქალაქე განიკურნა.
ვირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.