ეკა ბესელია ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულთა ნაწილისთვის ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს. ამ საკითხზე დღეს ის პარლამენტში ბრიფინგს გამართავს.
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და ამ დრომდე დაპირებული შეჯერებული საკანონმდებლო ცვლილებები ვერ განხორციელდა.
„რადგან პარლამენტი არ აღმოჩნდა მზად და არ ექნება კეთილი ნება, შეცვალოს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული საკანონმდებლო ბაზა, ამიტომ ჩემი მხრიდან იქნება შეთავაზება და ახალი ინიციატივა იქნება წარდგენილი პარლამენტში. პარლამენტში უნდა დაიწყოს განხილვა კანონპროექტის, რომელიც მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებისთვის პატიმრობაში მყოფ პირებს შეეხება“, - განაცხადა ბესელიამ.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან ჯერ ამნისტიის აქტით, შემდგომ სასჯელთა შეკრების წესის გაუქმებით ნარკომომხმარებლების დიდი ნაწილი გათავისუფლდა, საპატიმროში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც სასჯელს უსამართლო გადაწყვეტილებების გამო იხდიან. ამნისტიის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება.