logo
ENG



ეკა ბესელია საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შემოღებას ითხოვს

06 ივლ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
h6yideudir42ljt.png

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც საარჩევნო ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმის დანერგვას გულისხმობს. ინიციატივა, რომელსაც დეპუტატი პარლამენტს სთავაზობს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე დარეგისტრირდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის კარგი მექანიზმი იმისთვის, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს. ის ინიციატივის 13 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

„ეს არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც არანაირ ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს და არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს. ამ ყველაფერს უბრალოდ სჭირდება საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილების შეტანა:

შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში სავალდებულო წესით, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. წილისყრით შერჩეული იქნება 1 საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არ არის არცერთი საჩივარი, არცერთი განცხადება, რომ შედეგები იყოს გადათვლილი. ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ უფლებამოსილი პირები, ვინც არიან საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი, ასეთ ოლქში მოთხოვნა თუ დადგება, 3-ზე მეტ უბანს შეეხება და საოლქო-საარჩევნო კომისია წილისყრით ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს და გადაითვლის თავიდან. ეს აზღვევს გაყალბების შესაძლებლობას, რადგან წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი შეიძლება მოხვდეს ამ წილისყრის დროს“, - განაცახადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის მოსაზრებით, შესაბამისად, მაღალი იქნება სტანდარტი, რომ ბიულეტინებში მოცემული ამომრჩევლის ნება სწორად იყოს გადატანილი შემაჯამებელ ოქმში. მისივე თქმით, თუ შემოწმების შედეგად განსხვავება გამოვლინდება, საოლქო-საარჩევნო კომისია დამატებით შეამოწმებს მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტინებს იმავე უბნებში, დალუქულ დოკუმენტებში და ეს იქნება იმის გარანტია, რომ თუ პრეტენზია, საჩივარი გაცხადდება და გაჩნდება შედეგების გაყალბების ეჭვი, გადამოწმება გამორიცხავს ასეთი ტიპის უკანონო ჩარევას.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოარული ხმები, მუდმივი ეჭვის განცდა, ხომ არ არის რაიმე ცდომილება ბიულეტინში გამოხატულ ამომრჩევლის ნებასა და შემაჯამებელ ოქმს შორის, ამ მექანიზმმა დააზღვიოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა