logo
ENG



ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ისევ დაიწყოს შიმშილობა

28 დეკ 202101:51
3 წუთის საკითხავი
 
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ისევ დაიწყოს შიმშილობა
კადრი

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ეცდებიან, ის ისევ დაიწყებს შიმშილობას. 

ხერხეულიძემ ეს გორში თქვა, სადაც ენმ-ის წევრები არიან შეკრებილები. 

"ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მე გამაფრთხილა, თუ ჩემი გადაყვანა სცადეს, ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევ, ჩემი ნებით მათ არ გავყვებიო. ასე იყო მაშინაც, როცა ის რუსთავის ციხეში იყო. თუმცა, რუსთავში მას გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა. დღეს ეს ადამიანი არის უღონოდ. ჩათვალეთ, რომ ადამიანს, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.  

მე არ ვიცი, რამდენს ბედავს ეს ხელისუფლება, სანამდე მიდის მათი თავხედობა, რომ ამ ადამიანის გამძლეობის ხარჯზე ეწევა თავხედობას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ადამიანი შეიძლება ჩააკვდეთ ხელში. 

ადამიანი დღესაც დაეცა, არ ვიცით, კიდევ რამდენჯერ შეიძლება ეს განმეორდეს, მაგრამ გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებულია და დილამდე ეცდებიან კიდეც, გადაიყვანონ. 

თუკი ისინი ეცდებიან, გაიყვანონ, ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ვერ იკვებება, პატარა ბავშვის დოზასაც ვერ იღებს და ყოვლდღე იკლებს წონაში, აპირებს, ისევ დაიწყოს შიმშილობა". - თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან არიან ადვოკატი ნიკა გვარამია და ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მათ სააკაშვილთან არ უშვებენ. 

27 დეკემბრის ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში, ანა ჯანიაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

მისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 27 დეკემბრის საღამოს მასთან შევიდნენ და უთხრეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყავდათ. მათ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია. 

"ამის შემდეგ არ ახსოვს გარკვეული მომენტი. როცა გონს მოვიდა, თქვა, რომ არ მოხდებოდა მისი გაყვანა. [სააკაშვილმა თქვა], მოვითხოვე ეთქვათ, სად გადავყავდით, მაგრამ არ მითხრესო. 

ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაიყვანენ, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია". - თქვა ანა ჯანიაშვილმა. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი მომხდარს დეტალურად შეისწავლის და ამის შემდეგ დაადგენს, ხომ არ შეილახა ექსპრეზიდენტის უფლებები გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წინააღმდეგობის გაწევის დროს. 

მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა დაიწყო და 49 დღის განმავლობაში საკვები არ მიუღია. 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 


close დახურვა