მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 1-ლ მარტამდე არ განაახლებს, ხოლო კაფე-ბარების გახსნის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს, საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
აქცია გაიმართა დღეს, 30 იანვარსაც - სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა ხელისუფლებისგან მუშაობის უფლება მოითხოვეს და კონკრეტული თარიღების დასასახელებლად მთავრობას 2 დღე მისცეს. წინააღდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობა და თვითნებურად მუშაობა დააანონსეს.
აქციები ხვალ, 31 იანვარსაც გაიმართება.
15:00 საათზე პარლამენტთან ორგანიზაცია ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის გამართავს აქცია პერფორმანსს სახელწოდებით "პანდემია-შიმშილით სიკვდილის ზღვარზე“.
"დაგეგმილი პერფორმანსის მთავარი გზავნილია, კოვიდ 19-ის შედეგად შექმნილი მძიმე და მასობრივი შიმშილის დემონსტრირება. ჩვენი გუნდის მიზანია, მმართველ ძალას დავანახოთ ის რეალური ყოფა, რომელშიც უწევთ არსებობა ჩვენს თანამოქალაქეებს". - აცხადებენ აქტივისტები.
17:00 საათზე კი მწვანეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ პერფორმანსს ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით.
"არაერთი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება აზარალებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომლებსაც არ ჰყავთ კერძო ავტომობილი და არ აქვთ საშუალება ყოველდღიურად გამოიყენონ გაძვირებული ტაქსები.
ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო ქალაქში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობა, რაც იწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასა და ჰაერის კიდევ უფრო დაბინძურებას.
აქციის ფარგლებში დაგეგმილია ინსტალაცია-პერფორმანსი - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდებარე სახლებიდან პინგვინები გამოიხედებიან". - წერია მწვანეების განცხადებაში.