logo
ENG



ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალებს არ გადაუკვეთავს

19 მარ 202201:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/aqb2uplbby89t6a.jpg
Alexey Demin

ეკონომიკის სამინისტრო რუსული სამხედრო ძალების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს.

სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ცა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა ხომალდმა სამოქალაქო დანიშნულების ფრენისთვის გამოიყენა. მათი თქმით, ამ ტიპის ფრენებისთვის საქართველოს მხრიდან ნებართვა არაა საჭირო და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე 2008 წლიდან დაკეტილია.

"განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა", -წერია სამინისტროს განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად დამატებითი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სახმელეთო, კომბინირებული გზით გაჰყავს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან: აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვებზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.


close დახურვა