ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ტობიას ელვუდმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ დასავლეთი საქართველოდან პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებისგან "განსხვავებულ" პოზიციებს არ მოისმენს, ევროკავშირსა და NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების კუთხით დასავლეთს "ნაკლები ემპათია ექნება".
ელვუდის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი "შეასწორებს" ღარიბაშვილის გზავნილებს - ხმამაღლა დაგმობს პუტინის ომს უკრაინაში და "დასავლურ დემოკრატიას უფრო მკაფიოდ დაუჭერს მხარს".
"2008 წელს რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში მე ვეწვიე თბილისს და მივედი კონფლიქტის ცხელ ზონაში რათა მენახა, რა ხდებოდა. პუტინისთვის აშკარაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაავრცელოს საკუთარი გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. და ვიტყოდი, რომ თუ არ მოვისმენთ განსხვავებულ განცხადებებს საქართველოდან, ნაკლები ემპათია იქნება საქართველოს მიმართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ის განცხადება და გზავნილი, რომელიც თქვენმა პრემიერმა გააჟღერა ქართველი ხალხის მიერ შესწორდება, რომლებიც უფრო ხმამაღლა ისაუბრებენ და დაგმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და დასავლეთის დემოკრატიას ევროპაში უფრო მკაფიოდ დაუჭერენ მხარს. თუ ეს მოხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. თუ არა, სამწუხაროდ ემპათია საქართველოს მიმართ, სავარაუდოდ შესუსტდება“ - განაცხადა ტობიას ელვუდმა.
ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მომავალი იქნება პოზიტიური, თუ გააგრძელებს ევროკავშირისკენ სწრაფვას და იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი ამ მისწრაფებას გამოხატავს და მკაფიოდ იტყვის, რომ "პრემიერმინისტრი მისი სახელით არ საუბრობს".
"მე ძალადობისკენ, რა თქმა უნდა, არავის მოვუწოდებ, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უფლება და ყველას შეუძლია იმის თქმა, რომ პრემიერმინისტრი ჩემი სახელით არ საუბრობს, ვინაიდან თუ ჩუმად იქნებით, მაშინ პუტინს ფაქტობრივად აძლევთ იმის ლიცენზიას, რომ გააძლიეროს საკუთარი კავშირები საქართველოს ხელისუფლების წევრებთან, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაციას". - განაცხადა მან.
ელვუდის თქმით, რუსეთი ახლოდან დააკვირდება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს "ამიტომ დროა, გავერთიანდეთ მოსკოვის წინააღმდეგ".
ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ სხვა დასკვნების გამოტანა, "გარდა იმისა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი პრემიერმინისტრსა და პუტინს შორის", შეუძლებელია.