logo
ENG



ელიბაშვილის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა და საქართველოს კომპენსაცია დააკისრა

04 მარ 202416:24
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და საქართველოს დაზარალებულისთვის 12 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის, ზურა ელიბაშვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტური გამოძიების არარსებობაზე.

"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია.

სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ განმცხადებლის შვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ იყო ეფექტური, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ საკითხს"- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა. 

ორგანიზაციის ცნობით, 2016  წლის 1 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ელიბაშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო.

ავტომობილი - საჯარიმო ავტოსადგომზე, თავად ელიბაშვილი კი სამი დღის შემდეგ - 3 აგვისტოს მდინარე მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. შემდეგ როგორც გაირკვა, 2016 წლის 1 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაედევნა ელიბაშვილის ავტომობილს.

საპატრულო ეკიპაჟმა მის მიმართ დღემდე გაურკვეველი მიზეზით განახორციელა დევნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზურა ელიბაშვილი გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა, უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები მდინარე მტკვრის ხევის მიმართულებით. ასე ქვეითად დადევნებიდან მცირე პერიოდში პატრულ-ინსპექტორები დაბრუნდნენ თავიანთ ავტომანქანასთან ისე, რომ არ დაადგინეს ზურა ელიბაშვილის ადგილმდებარეობა და არც სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, ხოლო 3 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დევნის მონაწილე პირები გამოვლენილი და დადგენილია, რვა წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.

ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. კვალიფიკაცია მხოლოდ 2020 წლის 10 აგვისტოს შეიცვალა და  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და ამავე კოდექსის 342 მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). 


close დახურვა