logo
ENG



ელისაშვილი: ენმ-მ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, ხელი შეუწყო მმართველ პარტიას

28 ივლ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: ენმ-მ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, ხელი შეუწყო მმართველ პარტიას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით დაეხმარა ქართულ ოცნებას, გასულიყო შეთანხმებიდან.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მსგავსი ქმედება არის "უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს". 

„ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე, დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას, ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ, როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა, არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია", - წერს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი განცხადებას Facebook-ზე აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნებში, გარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისა, სხვა პარტიებმაც მიიღონ მონაწილეობა.

მოქალაქეების ლიდერის თქმით, ქვეყანაში მთავარ პრობლემას საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია წარმოადგენს და სწორედ ეს უნდა დასრულდეს უახლოესი არჩევნებით.

„თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს", - აცხადებს ელისაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა