ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის სასახლესთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოუხადოს როგორც ჯარს, ისე ქართულ საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და მთელი მთავრობის ნარატივი სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არის მოღალატეობრივი. როგორც ელისაშვილი ამბობს, ეს არის ტიპური რუსული ნარატივი იმ აზრის დასათესად, რომ ჩვენგან საზოგადოება და სახელმწიფო არ შედგება.
„ჩვენ მოვედით სამარცხვინო მთავარსარდალთან იმის სათქმელად, რომ ჯარი გვყავს და ის არის ჩვენი საფიცარი. ეს საფიცარი ბიჭები დაიჭრნენ გუშინ ავღანეთში. ჩვენ ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატე პრეზიდენტი გვყავს. გულისამრევია, რომ თურმე არც გვაქვს ჯარი და არც გვექნება, ზუსტად ასე გველაპარაკება რუსეთი. ეს ქალი გამოდის და გვეუბნება, რომ ჯარი არ გვყავს. შეწყალებაა და კორუფციით გამოტენა, ჯარია და არ გვყავსო და აბა, ხელფასს რაში იღებს. მოვითხოვთ, რომ ჯარს საჯაროდ და სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქეს მოუხადოს ბოდიში. ჩვენ განმარტებები და თარგმანი კი არ გვჭირდება მისი ნათქვამის, ჩვენ გვჭირდება ბოდიშის მოხდა. მოგვიხადოს ბოდიში ყველას, ვისაც გვეამაყება ჩვენი ჯარი. რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მიდის მიზანმიმართული დაკნინება სახელმწიფოსი და მისი ინსტიტუტების. მიდის ლაპარაკი, რომ არ გამოვა ჩვენგან სახელმწიფო, არ გვექნება ჯარი და უნდათ, ვთქვათ, რომ არ გამოდის ჩვენგან სახელმწიფო, რომ მერე ბელორუსიასავით შეგვიერთოს რუსეთმა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები დამახინჯდა და არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.