პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის და ლევან იოსელიანი ქართული ოცნების ლიდერებთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ შედიან პარლამენტში. ელისაშვილი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებოდა.
"ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები შევთანხმდით ქართული ოცნების ლიდერებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.
ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა დეტალურად საუბრის საშუალება. ელექტრონული არჩევნების წესი, ის, რომ ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის იქნება თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა. 3 800 უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი", - აცხადებს ელისაშვილი შეხვედრის დატოვების შემდეგ.
მისივე თქმით, ამ დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს, რაც მათი მხრიდან ქართული ოცნებისადმი ნდობის საფუძველია.
"თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ინიცირება, როგორც შევალთ პარლამენტში, ისე გამოვალთ. [...] ორმა დეპუტატმა, ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ ქართულ ოცნებას. დანარჩენი 54 დეპუტატია გარეთ, შემოვიდნენ და დაელაპარაკონ", - ამბობს ის.
დღეს, 29 იანვარს პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველ გუნდთან შესახვედრად მივიდნენ. ელისაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებამ ქართულ ოცნებასთან ნდობის გაღრმავებას შეუწყო ხელი.