მოქალაქებიის ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ვერსიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ვერ მიხვდა, რაზე კამათობდნენ ისინი.
"ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმას, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას შორის, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ, ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი და დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ", - თქვა ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნას, კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის ჩადების თაობაზე, მხარს არ უჭერს, რადგან ეს აუცილებელი არ არის. ელისაშვილის თქმით, მთავარია, მაკო გომური ვინც დაასახაჩრა, ასევე, ისინი, ვინც აქციის მონაწილეებს მძიმე დაზიანებებს აყენებდნენ, შეწყალებულები არ იქნებიან.
ელისაშვილის განცხადებით, შეიძლება ორივე კანონპროექტს დაუჭირს მხარი, შეიძლება - არც ერთს.
გუშინ, 27 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციონერ შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, დღეს ამნისტიის თაობაზე ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.