მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო სხდომის ნაადრევად დასრულებაზე და პარლამენტში ახლადმისული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისთვის გამოსვლის საშუალების შეზღუდვაზე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიას თავისი სათქმელისთვის პარლამენტში კიდევ 4 წელი ექნება.
"ნაციონალურ მოძრაობას 4 წელი ექნება იმისთვის, რომ თავის სათქმელი თქვას", - ამბობს ელისაშვილი, - "იმედს დავიტოვებ, რომ ეს სათქმელი იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო, რაც არ იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში".
თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ პროპორციულ ნაწილში 43%-იანი შედეგის ვერმიღების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს - მე-10 მოწვევის პარლამენტი კი, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოახერხებს საქმიანობას.
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ისე დაასრულა, რომ ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას ფრაქციის დროით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
17:00 საათზე, სხდომის განახლებისას, რა დროსაც უკვე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც შეუერთდნენ სესიას, ოცნებამ დღის წესრიგი შეცვალა. სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ დღეს სხდომა დასრულებულია და უკვე ხვალ, 9 ივნისს განახლდება სესია. ამ განაცხადისას დარბაზში ენმ-ს დეპუტატების ნაწილი იყო შესული. მათ შორის, სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო შესული ნიკა მელია.
ენმ-ს დეპუტატები პარლამენტის შენობაში დღის მეორე ნახევარში მივიდნენ, იმ დროს, როცა სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული. მისვლისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სხდომაზე სიტყვით გამოვიდოდა და ისეუბრებდა ყველა საკითხზე. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დააზუსტა, რომ მელია გეგმავს, ფრაქციის დროით ისარგებლოს და ძირითადი განცხადება გააკეთოს.
ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.