პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილის აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ცხარე დისკუსიის ფონზე წარიმართა, თუმცა საბოლოოდ, საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არის.
"ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისაც, ელჩებთან შეხვედრისთვისაც. განსხვავებული ხალხი ვართ, განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები და ბუნებრივია, რომ კამათი გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე", - განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, დღეს, 3 დეკემბერს, პრემიერმა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისა და იქ ბიუჯეტის პროექტის განხილვისკენ მოუწოდა. საპასუხოდ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და არჩევნების გაყალბების ფონზე, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის მანდატები მიიღეს - ჯამში, 8 პარტია - 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.