უკრაინის მხარდამჭერ აქციას საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი შეუერთდა
მოქალაქეებმა უკრაინის საელჩოსთან ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყანაში რუსეთის ქმედებები დაგმეს - რუსეთი რამდენიმე კვირაა, ე.წ სასაზღვრო რეგიონებთან გააქტიურდა. ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ის "რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ წვრთნებს ატარებს", თუმცა, უკრაინის ცნობით, რუსეთი ყოველდღიურად არღვევს მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
უკრაინის ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. უკრაინა ეძებს საერთაშორისო სოლიდარობას და მხარდაჭერას, ვინაიდან მეზობელი რუსეთისგან ახალი აგრესიული ნაბიჯების ახალი ტალღა ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას. ქართველები და უკრაინელები დგანან ერთად თავიანთ ამბიციებსა და გეგმებში ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების კუთხით. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი მოსკოვის მხრიდან მითითებების და გავლენის მოხდენის გარეშე. ჩვენ ერთად ვართ, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ამ ნაბიჯს. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ვძლიოთ საფრთხეებს და შევქმნათ ჩვენი მომავალი, ისე, როგორც ეს ჩვენმა ხალხმა ჩვენს მთავრობებს დაავალა". - თქვა დოლგოვმა.
უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ამასთან, დაგმეს საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე.
უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა დონბასთან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, სინამდვილეში კი გეგმავს, საფრთე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
ამასთან, რუსეთმა როგორც ე.წ საზღვრისპირა რეგიონებისკენ, ისე ყირიმისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.