ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს საერთო სასამართლოების საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა.
ელჩი აცხადებს, რომ კანონმდებლობის ახლა, ამ ფორმით მიღება ნაჩქარევია და მოითხოვს ინკლუზიურ პროცესსა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს. მან კომიტეტის თავმჯდომარეებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.
„გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც შედის საერთო სასამართლოების კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისციპლინარულ ცდომილებებს, მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად ინკლუზიური პროცესისა და მხარეებთან კონსულტაციების გარეშე’’, - განაცხადა აშშ-ის ელჩი.
დეგნანი კომიტეტის თავმჯდომარეებს ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზეც ესაუბრა. ის იმედოვნებს, რომ მის რეკომენდაციებსა და შეშფოთებას ორივე შემთხვევაში გაითვალისწინებენ და პარლამენტი კანონპროექტებს მომავალში მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ განიხილავს.
„ორივე კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია და საჭიროებს ფართო განხილვებსა და ხანგრძლივ მსჯელობას იმაზე, თუ რა შედის საქართველოს ინტერესებში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ კანონმდებლებს მოვუწოდეთ პროცესის გადადებისკენ.
იმედი მაქვს რომ კომიტეტი ჩვენს შეშფოთებას სერიოზულად აღიქვამს და დაფიქრდება ამ ორივე კანონმდებლობის მიღების გადადებაზე, მანამ სანამ დაინტერესებულ მხარეებთან უფრო ფართო ყოვლისმომცველი და ინკლუზიური კონსულტაციები არ გაიმართება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა თქმით, თავმჯდომარეებმა დაუდასტურეს, რომ სასამართლოს სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით განხილვები იანვრიდან დაიწყება. ის კანონმდებლებს ურჩევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ექსპერტთა შეფასების შემდეგ იქნას განხილული.
***
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით".
წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
რაც შეეხება დისციპლური სახდელებს - არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
დაემატება შემდეგი ორი პუნქტი:
- იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, "საერთაშორისო სტანდარტია, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური".
"უნდა დაიცვას მთელი რიგი ის პრინციპები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ ნეიტრალურობას.
დღეს ერთ-ერთი სახდელი არის მოსამართლის გათავისუფლება. ჩვენ შემოგვაქვს დამატებით სახდელი, რომ მოსამართლე იყოს არა ჩამოცილებული საქმიანობიდან და გათავისუფლებული, არამედ იყოს სხვა უფრო მზღუდავი მექანიზმის გამოყენება - მაგალითად, სხვა სასამართლოში გადაყვანა". - თქვა ოხანაშვილმა.
კანონპროექტით შემცირებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადებიც.
მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელსაც სწორედ დარღვევების განხილვა ევალება, საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი საფუძვლიანობის შესასწავლად 2 თვე აქვს.
ინიცირებული კანონპროექტით, ეს ვადა ერთ თვემდე მცირდება.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მიღება საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით ხდება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.
საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.